ა(ა)იპ იოანე ბოლნელის სახელობის სკოლა საშობაო „ალილოს“ მსვლელობას შეუერთდა
მართლმადიდებლური სამყარო დღეს შობის დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაულის აღსანიშნავად ბოლნისში ტრადიციულად წელსაც მოეწყო სახალხო მსვლელობა „ალილო“.
მოქალაქეები ბოლნისის ცენტრში მდებარე ღვთისმშობლის ნიშასთან შეიკრიბნენ, სადაც ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა ქრისტეს შობის სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა. საშობაო „ალილოს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი შეუერთდა.
მეალილოეთა მსვლელობა სათნოების სახლთან დასრულდა, სადაც მეუფე ეფრემმა და დავით შერაზადიშვილმა მოხუცებს შობის დღესასწაული მიულოცეს. „ალილოს“ მონაწილეებმა ბენეფიციარებს საშობაო ნობათი გადასცეს.
საშობაო „ალილოს“ ტრადიცია ბოლნისში მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით აღდგა და უკვე მე-16 წელია მრევლი სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და მოხუცებს შეგროვებულ ნობათს ურიგებს.